English / ქართული / русский /
ქეთევან შენგელია
პროექტების მართვის და ბიზნესსფეროს ფუნქციონირების ეფექტიანობისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი და მომავალი პერსპექტივები

ანოტაცია. მუდმივად ვითარდება საინფორმაციო ტექნოლოგიები, რაც ამარტივებს ბიზნესის ფუნქციონირებას, საუკეთესო ბიზნესპროექტების შერჩევას და განხორციელებას. თანამედროვე კომპანიები უკვე იყენებენ „მაიკროსოფთის“ ლიცენზირებულ ღრუბლოვან ტექნოლოგიებს, რაც რევოლუციური განვითარებაა IT ტექნოლოგიაში. დღეს ვერც ერთი სფერო გვერდს ვერ აუვლის მათ. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა, სრულყოფილად მოხდეს საჭირო ინფორმაციის და მონაცემების შეგროვება და დამუშავება რთული მაჩვენებლების გამოსაანგარიშებლად, რათა ნაკლებ დროში და ნაკლები დანახარჯებით შესაძლებელი გახდეს საუკეთესო პროექტების შერჩევა. ასევე აღსანიშნავია, რომ მაიკროსოფთის და გუგლის ლიცენზირებული ღრუბლოვანი ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს კომპანიებს, ოპერატიული ინფორმაცია განათავსონ 2 კონტინენტზე გადაზღვეულ დაცულ ღრუბლოვან საცავში, რაც მკვეთრად ამცირებს მართვასთან დაკავშირებულ ხარჯებს და კომპანიებს მეტი დრო რჩებათ ბიზნესის განვითარებისათვის.

საკვანძო სიტყვები: ბიზნეს პროექტები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, აუთსორსინგი.

* * *

ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის, ცხოვრების დონის გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა ბიზნესის განვითარება. ბიზნესმა უნდა უზრუნველყოს დასაქმება და იტვირთოს პასუხისმგებლობა თავის მუშაკთა კეთილდღეობაზე. საქართველოში ბიზნესის განვითარების შეფასებას მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია და ჟურნალი ახდენს. მსოფლიოში ცნობილი ჟურნალები - Fortune, The Economist, Euromoney და სხვები, აქვეყნებენ სხვადასხვა ქვეყანაში ბიზნესის განვითარების რეიტინგებს . ძირითადად გამოიყენება შემდეგი მაჩვენებლების ჯგუფი: ეკონომიკის ეფექტიანობა; პოლიტიკური რისკის დონე; დავალიანების მდგომარეობა; სახელმწიფო ვალის ოდენობა; საბანკო კრედიტის ხელმისაწვდომობა; მოკლევადიანი სასესხო კაპიტალის ხელმისაწვდომობა; ფორსმაჟორული გარემოებები; ტექნოლოგიების განვითარების დონე.

მსოფლიო ბანკის კვლევები გვიჩვენებს, რომ მთავარ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უშლიs ბიზნესპროექტების წარმატებით განხორციელბას, განეკუთვნება პოლიტიკური განუსაზღვრელობა (28%), მაკროეკონომიკური არასტაბილურობა (23%), გადასახადები (19%), სამართლებრივი რეგულირება (10%), კორუფცია (10%) .

ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა რომ დაჩქარდეს, ხელი უნდა შეეწყოს ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის წარმოებას და ახალი ბიზნესპროექტების განხორციელებას ასეთ სფეროებში. უნდა განვითარდეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა (საავტომობილო გზები, რკინიგზა, საზღვაო პორტები, ტურიზმი, სასტუმროები), სოფლის მეურნეობის და კვების პროდუქტების წარმოება და სხვა დარგები. ამ ყველაფერს ხელი უნდა შუწყოს ძლიერმა სახელმწიფო პოლიტიკამ, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ და მიმზიდველ ბიზნესგარემოს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციაა, რომ ქვეყანაში იქნეს ეკონომიკური ზრდის ტემპი 7-8%-ის, ხოლო ინფლაცია 6%-ის ფარგლებში მიღწეული. სამწუხაროდ, ეს რეკომენდაცია ჯეროვნად ვერ სრულდება. ამას სჭირდება მკაცრი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გატარება. მიზანშეწონილია საინვესტიციო ფონდების, სატრასტო და სალიზინგო კომპანიების შექმნა, ასევე ერთობლივი ვენჩურული ფირმების ჩამოყალიბება უცხოელ ინვესტორებთან ერთად. უნდა შემუშავდეს ბიზნესპროექტების შეფასების კომპლექსური სისტემა, რომლებიც მოემსახურება ეროვნული ეკონომიკის გაჯანსაღების საკითხებს.

ბიზნესსუბიექტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაფუძნებულია მოსალოდნელი შედეგების წინასწარ შეფასებაზე. ბიზნესპროექტების ეფექტიანობის შეფასებას მრავალი მეცნიერი განიხილავდა. მათ შორის: ვ. ბერენსი, გ. ბერლი, გ. ბირმანი, ს. შმიდტი, ი. ლიპსიცი და სხვები. პროექტების ეფექტიანობის მაჩვენებლები ძირითადად იყოფა სამ სახეობად : კომერციული ეფექტიანობის მაჩვენებლები; საბიუჯეტო ეფექტიანობის მაჩვენებლები; ეკონომიკური ეფექტიანობის მაჩვენებლები.

მეთოდური რეკომენდაციების თანახმად, პროექტის ეფექტიანობა ხასიათდება მაჩვენებელთა სისტემით, რომლებიც ასახავს დანახარჯებისა და შედეგების თანაფარდობას. მისი მეშვეობით შესაძლებლობა გვეძლევა ავირჩიოთ სხვადასხვა პროექტიდან საუკეთესო.

პროექტის ეფექტიანობის მაჩვენებლებს აღნიშნული ავტორები ყოფენ: ზოგადი მაჩვენებლები, რომლებიც ეკონომიკური ეფექტიანობის კრიტერიუმად გვევლინება;

სხვადასხვა დროის ფულადი დანახარჯის შეპირისპირება შედეგებთან. მათ შორის გამოიყოფა სტატისტიკური და დინამიური მაჩვენებლები.

სტატისტიკური მაჩვენებლები დაფუძნებულია სააღრიცხვო შეფასებაზე, ხოლო დინამიკური მაჩვენებლები ემყარება დისკონტირებულ შეფასებას. სტატისტიკური მეთოდით მიღებულ მაჩვენებლებს მიეკუთვნება - კაპიტალის ანაზღაურების ვადა (Payback Period, PP); ეფექტიანობის კოეფიციენტი (Acounting Rate of Return, ARR). დინამიკური მაჩვენებლებიდან შეიძლება გამოიყოს წმინდა დისკონტირებული ღირებულება (Net Prezent Value, NPV), რენტაბელობის შიდა ნორმა (Internal Rate of Return, IRR), ანაზღაურების დისკონტირებული ვადა (Discounte Payback Period, DPP) და სხვა.

კაპიტალის ანაზღაურების ვადა იანგარიშება ფორმულით:

PP= min ∑n(k=1)(Pk ≥Io ) ,

სადაც Pk არის შემოსული დაგროვილი ფულადი ნაკადის სიდიდე. ხოლო Io - საწყისი ინვესტიციის ღირებულება.
PP გვიჩვენებს ანაზღაურების ვადას, რომლის განმავლობაშიც მოხდება დაბანდებული კაპიტალის სრული დაბრუნება.

პროექტის შეფასების სტატიკური მაჩვენებლებიდან მნიშვნელოვანია ასევე კაპიტალდაბანდების ეფექტიანობის კოეფიციენტი (Acounting Rate of Return, ARR). იგი იანგარიშება მოგების საშუალო წლიური სიდიდის შეფარდებით საწყისი კაპიტალდაბანდების საშუალო სიდიდესთან.

ARR= Pr/(1/2 Io) ,

სადაც Pr არის მოგების საშუალო წლიური სიდიდე;

Io - საწყისი დაბანდებების საშუალო სიდიდე.

დინამიკური მაჩვენებლებიდან შეგვიძლია გამოვყოთ წმინდა დისკონტირებული შემოსავალი (Net Prezent Value, NPV).

NPV= -Io + ∑T(t=1 )Ct (1+i)-t ,

სადაც Ct დროის განმავლობაში ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალია.

i - დისკონტირების განაკვეთი.

რაც შეეხება რენტაბელობის შიდა ნორმას (Internal Rate of Return, IRR), მისი გამოთვლა საკმაოდ შრომატევადია:

IRR = r1 + (f(r1))/(f(r1)-f(r2)) (r1-r2),

სადაც f(r1) და f(r2) დისკონტირების კოეფიციენტების ფუნქციებია.

ამ და სხვა მრავალი გამოთვლის ჩასატარებლად თანამედროვე კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ გამოიყენონ უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიები, მათ შორის „ღრუბლოვანი ტექნოლოგიები“. როგორც ცნობილია, დღეს ვერც ერთი სფერო ვერ შეძლებს IT ტექნოლოგიების გვერდის ავლას. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა, სრულყოფილად მოხდეს საჭირო ინფორმაციის და მონაცემების შეგროვება და დამუშავება რთული მაჩვენებლების გამოსაანგარიშებლად, რათა ნაკლებ დროში და ნაკლები დანახარჯებით შესაძლებელი გახდეს საუკეთესო პროექტების შერჩევა. ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაზე გადასვლა ჯერ კიდევ სიახლეა ქართული კომპანიებისათვის. ტექნოლოგიური და ფინანსური თვალსაზრისით იგი უფრო მიზანშეწონილი და ნაკლებ დანახარჯიანია, ვიდრე IT აუთსორსინგი. ეს უკანასკნელი უფრო ხელსაყრელია მცირე და საშუალო ფირმებისათვის. აუთსორსინგი გულისხმობს ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის გადაცემას მომსახურე კომპანიაზე, სადაც პირობები და ვადები ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. გარეშე კომპანიის IT მომსახურებით მცირე და საშუალო ფირმებს ნაკლები თანხები ეხარჯებათ IT სპეციალისტების დაქირავებასთან შედარებით.

დასკვნა

„ღრუბლოვანი გამოთვლები“ არის IT ევოლუცია, IT ბაზრის განვითარება. იგი საშუალებას იძლევა, უფრო ნაკლები დანახარჯებით შეიქმნას სრულყოფილი ბიზნეს-მოდელი. “ღრუბლოვანი ტექნოლოგიის“ სიტემაში მოსახვედრად საკმარისია ინტერნეტთან მიერთება, რათა შესაძლებელი გახდეს ინფრასტრუქტურის (iaas) და პროგრამული უზრუნველყოფის (saas) სერვისების გამოყენება. „ღრუბლოვანი ტექნოლოგიების სერვისებთან დაშვება შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან სხვადასხვა მოწყობილობების (ნოუთბუქების თუ პლანშეტების) გამოყენებით. თუმცა ჯერ არ არის ყველა ორგანიზაცია მზად ასეთი ტექნოლოგიების და გადაწყვეტილებების მისაღებად.

მაიკროსოფთის ლიცენზირებული „ღრუბლოვანი ტექნოლოგია“ წარმატებით დაინერგა ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსიში (GASA). ეს არის office 365, მათ შორის ღრუბლოვანი საცავი “One Drive ბიზნესი”, სადაც ტექნიკური სამუშაოები განახორციელა კომპანია „სინტაქსმა“. აღნიშნულმა კომპანიამ ასევე განახორციელა „ღრუბლოვანი ტექნოლოგიის“ ტექნიკური სამუშაოები კომპანია „აქსისში“, რომელიც მიმდინარეობდა „მაიკროსოფთთან“ თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. “One Drive ბიზნესის” დახმარებით შესაძლებელი ხდება ელექტრონულ ღრუბლოვან საცავში შენახული ფაილები ხელმისაწვდომი გახდეს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ინტერნეტის მეშვეობით.

კომპანია „სინტაქსის“ გენერალური დირექტორი ზაზა ჯაველიძე აცხადებს, რომ მაიკროსოფთის ლიცენზირებული ღრუბლოვანი ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს კომპანიებს, ოპერატიული ინფორმაცია განათავსონ 2 კონტინენტზე გადაზღვეულ დაცულ ღრუბლოვან საცავში, რაც მკვეთრად ამცირებს მართვასთან დაკავშირებულ ხარჯებს და კომპანიებს მეტი დრო რჩებათ ბიზნესის განვითარებისათვის. საჭირო ინფორმაცია ხელმისაწვდომია უფლებამინიჭებული თანამშრომლებისთვის. როგორც „მაიკროსოფთის“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ დობორჯგინიძე განმარტავს, არსებობს კონტროლის არაერთი მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს ქსელურ უსაფრთხოებას და დაცულობას. აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენება ინერგება სასწავლო პროცესებშიც, ელექტრონული სწავლების განვითარების მიმართულებით, ასევე სხვადასხვა არქიტექტურის და ოპერაციული სისტემის მქონე მოწყობილობებისთვის.
მიუხედავად დიდი გარანტიებისა, რასაც გვთავაზობს „მაიკროსოფთის“ და გუგლის ლიცენზირებული „ღრუბლოვანი ტექნოლოგია“, რისკები მაინც არსებობს. მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ არის კიბერშემოტევის ცალკეული შემთხვევები, რომლის დროსაც ტრადიციული დაცვის მექანიზმები სრულიად უშედეგო ხდება. დღეს მსოფლიოს გამოცდილი პროვაიდერები მუდმივად ცდილობენ რისკების აღმოჩენას და მათ გაუვნებელყოფას.

გამოყენებული ლიტერატურა

ling Dong, Lun Han et al, The Shallow Analysis of the Enlightenment of Cloud Computing to Distance Education, 2010 International Conference on e-Health Networking, Digital Ecosystems Technologies pp-301-303.

Беренс В. Хавранек П. Руководство по оценке эффективности капиталовложения. Перевод с английского “Manual for the Preparation of Industrial Feasibility Studies”, UNIDO, M., 2005.
ქეთევან შენგელია, „ცხოვრების დონის გაუმჯობესების ძირითადი მიმართულებები საქართველოში“, ჟურნ. „ეკონომიკა“, 2017, გვ. 6-16.
http://wdi.worldbank.org
www.microsoft.com



[1] ქ.შენგელია, “გლობალური კომპანიების ზეგავლენა და საქართველოს პერსპექტივები“, ჟურნ. „ეკონომიკა“, 2016, გვ.331-342.

[2] http://wdi.worldbank.org

[3] ქეთევან შენგელია, „ცხოვრების დონის გაუმჯობესების ძირითადი მიმართულებები საქართველოში“, ჟურნ. „ეკონომიკა“, 2017, გვ. 6-16.

[4] Беренс В., Хавранек П. Руководство по оценке эффективности  капиталовложения. Перевод с английского “Manual for the Preparation of Industrial Feasibility Studies”, UNIDO, M., 2005.